პუბლიცისტური სტილი მიზანმიმართულია ფართო გამოყენებისკენ.ის მთელი საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი და ძირითადად,მასმედიაშია დამკვიდრებული.მისი უმთავრესი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა.ასევე მნიშვნელოვანია: ავტორის პოზიციის აღნიშვნა,ფართო მასებზე ემოციური ზემოქმედება,საზოგადოებრივი,აზრის დამკვიდრება ...
Friday, January 25, 2013
ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები - თავისუფლება
თუ ჩავუკვირდებით გასაოცარ ქართულ ტერმინს _ ,,თავისუფლება”, მისი თავდაპირველი მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ თავისუფალი ის იყო, ვისაც საკუთარი თავის უფლად, ბატონად მიაჩნდა თავი, ანუ ვისაც ბატონი და უფალი არ ჰყავდა და არავის ემორჩილებოდა. იაკობ ხუცესის სიტყვით, მომაკვდავი შუშანიკის სანახავად 472 წელს სხვებთან ერთად მოსულან ,,აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი”. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში აზნაური მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი ტერმინი კი არ არის, არამედ გვარის წარმომადგენელს, გვარის შვილს ნიშნავს და მას ამის გამო "თავისუფალის” მნიშვნელობაც ჰქონდა. თავისუფალი მხოლოდ ის იყო, ვინც რომელიმე გვარს ეკუთვნოდა. უაზნო ანუ უგვარო კი მდაბიო იყო - ან სხვა ქვეყნიდან შემოხიზნული, ან ტყვედ წამოყვანილი - და თავისუფალი არ ყოფილა. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: "აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ” (გალატელთა მიმართ 5:1, წმ. გიორგი მთაწმინდლის რედაქციით), რაც თანამედროვე ქართულ ენაზე ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში ასე ჟღერს: ,,თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს”. ამასთან ერთად ქართული ტერმინის - თავისუფლების - ფუძე არის უფალი, ანუ თავისუფლება უფლისგან მომდინარეობს, მისი ბოძებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დაკავშირებული სამართალთან, კანონმდებლობასთან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment