ქრისტეს ეკლესიის აკვანი, იერუსალიმისა და ანტიოქიის შემდეგ, რომში დაირწა. შეგვიძლია ასეც ვთქვათ: ახალი ერი - ეკლესია, რომელიც არის წუთისოფელში ჭეშმარიტების სვეტი და სინათლე (1 ტიმ. 3:15), იერუსალიმში დაიბადა, ანტიოქიაში ფეხი აიდგა, ხოლო რომში ცოდნითა და გამოცდილებით განმტკიცდა.
ეკლესიის წევრები და ჯგუფები ერთმანეთს ხშირად არა მხოლოდ ღვთისმეტყველების, არამედ წეს-ჩვეულებათა სხვადასხვაობის საფუძველზედაც უპირისპირდებიან. ასეთი განსხვავებები მეტწილად ადგილმდებარეობით გაყოფილ ეკლესიებს შორის იჩენს თავს, რის გამოც ზოგჯერ ეკლესიათა ურთიერთობა მწვავდება. ასე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რომისა და აღმოსავლეთის ეკლესიები ჯერ კიდევ II-IV საუკუნეებში შობისა და აღდგომის კალენდართან დაკავშირებით (პაპუაშვილი 2002: 77-81). პაპი ბიქტორი, მაგალითად, 190 წელს ეკლესიისაგან განკვეთით დაემუქრა იმ მცირეაზიელ ეპისკოპოსებს, რომლებიც აღდგომას ებრაელთა პასექის თანადროულად დღესასწაულობდნენ. მსგავს პრობლემებს მოგვიანებით უფრო სერიოზული პრობლემებიც დაერთო. IV-VIII სს-ში აღმოსავლეთის ეკლესიებში არაერთი ერეტიკული მიმდინარეობა აღმოცენდა, რომლებმაც უმაღლეს საეკლესიო იერარქიებშიც შეაღწიეს. ამ დროს კი რომის საყდარი მართლმადიდებლურ პოზიციაზე (ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსზე) მყარად იდგა, რის გამოც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის დროდადრო ლოცვითი თანაზიარება (ევქარისტიული კავშირი) ფერხდებოდა, მაგრამ განახლდებოდა, როგორც კი აღმოსავლეთის საპატრიარქოებში ვითარება მართლმადიდებლობის სასარგებლოდ იცვლებოდა. ურთიერთობა IX-XI სს-ში უკიდურესად დაიძაბა. მთავარ მიზეზად ასახელებენ ბერძნულ ნაციონალიზმსა და რომაულ მთავრობისმოყვარეობას. ერთ მხარეს დგანან კონსტანტინოპოლის პატრიარქები ფოტიოსი და კერულარიოსი, მეორე მხარეს კი - პაპიები ნიკოლოზი და ლეონი. დავა რამდენიმე საგანზე მიმდინარეობდა: რომელი ეკლესიის კანონიკურ სივრცეში უნდა შესულიყო ბულგარეთის ახლადმოქცეული სამთავრო? ვის სამწყსოდ უნდა გამოცხადებულიყო იტალიის ბერძნულენოვანი პროვინციები? არის თუ არა მრწამსის მე-8 წევრის დამატება ფილიოკვე ("ძისაგანაც") ცდომილება? როგორი წირვაა მართებული – უფუარი პურით და ზედაშეთი თუ საფუარიანი პურით და წყალგარეული ღვინით? უნდა გაიპარსოს თუ არა მღვდელმა წვერი და შეიკრიჭოს თუ არა თმა? მირონში უნდა გავურიოთ თუ არა წყალი? ეპისკოპოსს თითზე ბეჭედი უნდა ეკეთოს თუ არა? და ა.შ. უთანხმოების მთავარი საგანი საეკლესიო პოლიტიკის სფეროს განეკუთვნებოდა: რომელ ეპისკოპოსს ეკუთვნის პირველობა – რომისას თუ კონსტანტინოპოლისას?
No comments:
Post a Comment