Friday, January 25, 2013

სომეხთა და ქართველთა სარწმუნოებრივი ურთიერთობები


"მშვიდობით შეკრბეს ერთად სომეხნი და ქართველნი" – ეს სიტყვები XI ს-ის ქართველი ეპისკოპოსის, ლეონტი მროველის, ნაშრომში "ცხოვრება ქართველთა მეფეთა" რამდენჯერმე გვხვდება. მათ იქ ერთობ შთამბეჭდავი ადგილი უჭირავთ და დიდი შინაარსობრივი დატვირთვა აქვთ. აქ, უპირველეს ყოვლისა, წარმოჩენილია სურვილი და ოცნება, რომ აღდგეს და განახლდეს ის თანხმობა, თანადგომა და თანალმობა, რაც სომეხთა და ქართველთა ისტორიის დასაბამს ამკობდა და რამაც ორივე ხალხის თვითდამკვიდრებას, – მათ მიერ სახელმწიფოების მშენებლობას და თითოეული ხალხის კულტუროსან ერად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ქართველთა და სომეხთა თანაცხოვრების ისტორია მდიდარია ისეთი ფაქტებით, მოვლენებით, თვალსაზრისებითა და თეორიებით, რომელთა მნიშვნელობა ორივე ქვეყნის ფარგლებს შორდება და საერთაშორისო ინტერესს იმსახურებს. იგულისხმება როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი, ისე კულტურული და რელიგიური ურთიერთობები. დიდი ხანია, რაც ამ ურთიერთობების ხასიათისა და შინაარსის გარკვევაზე ინტენსიურად მუშაობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მკვლევარები. ისინი აღნიშნავენ, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობების პრობლემა ძალიან რთული და საინტერესოა. საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ისინი ერთ სქემაში ვერ თავსდებიან და საერთო სურათის დადგენა შეუძლებელია. პროცესს ცვალებადობა და ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების თანაარსებობა ახასიათებს, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ მეზობელ ერებს შორის ინტენსიური ურთიერთობები, რომლებიც არასდროს შეწყვეტილა, მუდამ კულტურათა დიალოგისა და ურთიერთგამდიდრების სამსახურში იდგა. მართებულად შენიშნავს პროფ. ვაჩე ნალბანდიანი: "საუკუნეთა სიღრმიდან მოდის ამ ორი მოძმე ხალხის, ქართველებისა და სომხების მეგობრობა. იგი ისევე ძველია, როგორც თვით ეს ხალხები. მისი მრავალსაუკუნოვანი ფესვები გადგმულია ძალიან ღრმად და უხსოვარ, წინაისტორიულ დროს აღწევს. ამ მეგობრობისა და ძმობის შესახებ გულითადი სიტყვებით გვიამბობენ სომხურსა და ქართულ ისტორიულ ძეგლებსა თუ მატიანეებში დაცული და საუკუნეთა წიაღიდან ჩვენამდე მოღწეული ხალხური გადმოცემები და თქმულებები"

No comments:

Post a Comment