Tuesday, December 31, 2013

თავის-უფლება

თავისუფლებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, მითუმეტეს დღევანდელ მოზარდებს რაღაც განსაკუთრებულად უცხო და ხანდახან გამაოგნებელი შეხედულება აქვთ მასზე. საბედნიეროდ მეხუთე კლასიდანვე საოცარი მასწავლებელი მყავდა ქართულში, ეხლა აღარ მასწავლის.. ამ დროის მანძილზე, რაც ის აღარ მასწავლის ვხვდები, თუ როგორ მაკლია მასთან საუბრები და როგორ მადგება ცხოვრებაში მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა. სწორედ ახლა ვათვალიერებდი ქართულის ძველ რვეულებს და საინტერესო ჩანაწერი აღმოვაჩინე ნების თავისუფლებაზე, სადაც პავლე მოციქულისა და ორიგენეს აზრი ეწერა. მინდა თქვენც წაიკითხოთ ეს და დარწმუნებული ვარ, თუ აქამდე სხვაგვარი შეხედულება გქონდათ ამ თემაზე.. წაკითხვის შემდეგ აზრს შეიცვლით ან ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს.


“ნების თავისუფლება შესაქმის აქტში მხოლოდ კაცს ებოძა. ყველა შექმნილთა შორის “შემოქმედმან ბუნებისა ჩუენისამან, დამბადებელმან, ბრძენთაგან დაჰბადა ვითარცა ჭურჭელი სამეუფოი სათნოიებითა სულისათა და შემკობილობითა გუამისათა”

სული მაშინ ასრულებს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას, როცა გარეშე მორჩილებისა და იძულებისა, მიუძღვის კაცს გაგებათა თვისთა კვალობაზე. ამგვარი თავისუფლების მიხედვით, სული ნამდვილად ანსახიერებს ღვთის ხატს ადამიანში.

რაში გამოიხატება ნების თავისუფლება და როგორია მისი მოქმედების არე? რა მიმართებაშია იგი ღვთის ნება სურვილთან? – საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვაგვარი გარემოებანი ჩვენი ნებელობის მიღმა წარიმართებიან, მაგრამ როგორ ვუპასუხოთ გარემოებათა ზემოქმედებაზე ეს უკვე პიროვნების საქმეა, რომელმაც მსაჯულად და მეგზურად გონებას უნდა მოუხმოს, აი აქედან იწყება ჩვენი მოქმედების სფერო. ვცხოვრობდეთ კეთილსასურველი წესით – განმარტავს ორიგენე – ჩვენი საქმეა და ღმერთი მოითხოვს ჩვენგან არა ისე, თითქოს ეს მასზეა დამოკიდებული ან სხვა ვინმესგან წარმოდგება ან როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ ბედისგან მოდის, არამედ რაცხს სწორედ ჩვენს საქმედ.


თითქოს საწინააღმდეგოს ქადაგებს პავლე მოციქული, როდესაც ფინიპინელთადმი მიმართულ ეპისტოლეში ამბობს: “ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასაცა და სათნოებასა თვის”. თუ ღვთისგან მომდინარეობს ნებაც, სათნოებაცა და შეწევნაც ანუ სურვილის აღსრულებისთვის მარიონეტები ვყოფილვართ. რაღა რჩება თავისუფალი ნების სარბიელად. მოციქული გვაუწყებს, რომ უფლისგან წარმოდგება სურვილი და ქმედება. როგორც არსებობა გვიბოძა ღმერთმა ასევე მოგვანიჭა სურვილისა და მოძრაობის უნარი, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფლისგან მივიღეთ რაღაც კერძო, ცალკეული. ხელის მოძრაობის უნარი ღმერთმა მოგვანიჭა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თითქოს ღვთისგანვე წარმოდგება ის, რომ მაგალითად ხელი საქმობს უსამართლო ცემა-ტყეპის და ქურდობისთვის. ბოძებულ უნარს ჩვენ ღვთისგან ვიღებთ, მაგრამ ამ უნარს შემდეგ ჩვენ თვითონ ვიყენებთ ბოროტებისთვის ან სიკეთისთვის.


ამ თავისუფლებით აიხსნება ღვთის მიერ დაბადებულ გონიერ არსთა სხვადასხვაობა. ერთნი რომ სიკეთეს ჩადიან, მეორენი ბოროტებას, ერთნი რომ ბედნიერნი არიან, მეორენი უბედურნი.

თვით შესაქმის აქტშო (სამყაროს გაჩენა) არ არის უსამართლობისა და შემთხვევითობის ნასახიც კი. არც არავითარი უძლურება, სხვადასხვაობამ სათავე უზენაესი ნებისგან კი არ აიღო, არამედ იქიდანმ რომ ადამიანმა უკუღმართად გამოიყენა თავისუფალი ნება.

თავისუფლების ამ მადლს ჭეშმარიტებისკენ წარმართვის კვალობაზე, თავს აღწევს კაცი ხორციელ საწადელთა მონობას და ხდება ხელმწიფე. ამ ნიჭის ამგვარად თუ იმგვარად მოხმარების კვალობაზე იმოსავს ან კარგავს კაცი ღვთის ხატს”

P.S. ყველა ადამიანი არჩევანში თავის-უფალია.


No comments:

Post a Comment